Monday, September 29, 2014

გამონათქვამები

რა უცნაურია ცხოვრება, როცა გგონია მოხდება, ის არ მოხდება. როცა გგონია რაღაც არ მოხდება, ის მოხდება!

ცხოვრება გრძელდება, მაგრამ "სად"? - ეგ არის მთავარი.

სოფელი ჭრელია, შენ კი , სწორი, ფერი უნდა აარჩიო და მას გაჰყვე...

ცხოვრება წამია, ამ წამში კი ბევრი რამ (კარგი) უნდა მოასწრო...

21.01.2011წ

იმ უბედურებაშიც არის რაღაც ბედნიერება და იმ ბედნიერებაშიც არის რაღაც უბედურება...
05.03.2011წ

გარეგანი ბედნიერება ზოგჯერ შინაგან ბედნიერებას არ ნიშნავს...

დეპრესია რომ რამეს შველოდეს, ანტიდეპრესანტები კი არ გაიყიდებოდა?!...

14.03.2011წ

ყველა, ჩვენი ცოდვების დავიწყებას და პატიებას ვთხოვთ უფალს, მაგრამ ჩვენ ვერ ვივიწყებთ სხვის ცოდვებს...

29.05.2011წ

გამოსავალი, რომ სიკვდილში იყოს, ყველა თავს მოიკლავდა...

ბედნიერება ფულს არ მოაქვს, მაგრამ არც უფულობას ბედნიერება...

09.06.2011წ
ქართველი მშობლების უმეტესობას შვილები უყვართ არა ისეთები, როგორებიც არიან, არამედ ისეთები, როგორსაც თავიანთ იდეალებში ხატავენ...

                                                                                                                                               02.03.2012წ

არასდროს ვყოფილვარ კონკია, კონკიას ბედი, რომ დამბედებოდა...
                                                                                                                                               24.04.2012წ

Monday, September 22, 2014

გზა

გზა...

ბევრჯერ გამიგონია ჩემს ირგვლივ როცა უთქვამთ "სწორ გზაზე დგას", "არასწორი გზა აირჩია", "სწორი გზით, რომ ევლო"... სამსახურში ბევრი საქმე არ მქონდა, მდივანზე ჩამოვჯექი და თამარ მეფეზე მიმავალ თუ მომავალ სტუდენტებს ვუყურებდი.
ისინი უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზას უამრავჯერ აივლიან - ჩაივლიან, მაგრამ სწორ გზას ირჩევენ თუ მრუდეს ალბათ მერე ცხოვრება უჩვენებთ.

მე, მაგალითად, ამ ეტაპზე მგონია, რომ სწორ გზას ვადგავარ, თუმცა ბევრი "გზა" მქონდა... ამ გზებიდან კი ეს ავირჩიე, რომელსაც ხან ჩქარა, ხან კიდე კუს ნაბიჯებით მივუყვები.
ხანდახან ვფიქრობ სხვა "გზა", რომ ამერჩია ეხლა როგორ იქნებოდა ყველაფერი? უფრო მარტივად თუ უფრო მეტად რთულად? ან იქნებ ახლა ჩემი არჩეული გზაა ყველაზე მარტივი, რომელიც ხანდახან მერთულება? ნეტა ამ კითხვებზე პასუხს მაშინ მივიღებ როცა იმიერში გადავსახლდები თუ ამ ცხოვრებაში?
"გზა" მართლაც რთული ასარჩევია, რადგან შეიძლება გგონია, რომ სწორ გზას ადგახარ და ამ დროს პირიქით იყოს. ჩემი აზრით, დიდი გავლენა მშობლებს აქვს, ისინი გვეხმარებიან, გვიბიძგებენ თუ რა გზა ავირჩიოთ, როგორ ვიაროთ, რა პროფესია ავირჩიოთ და ა.შ.
ჩემი "გზა" რასაც პროფესია ქვია, მე ავირჩიე. მახსოვს მე-4 კლასიდან მინდოდა იურისტობა, რადგან დეტექტივების კითხვა მიყვარდა და სულ მეგონა, რომ გამომძიებელი გამოვიდოდი :) დედაჩემი ძალიან წინააღმდეგი იყო, "ქალი გამომძიებელი არ გამიგია მე, ქალი ოჯახს უნდა ეკუთვნოდესო!" :) და მთავაზობდა ქალისთვის შესაფერის პროფესიას მასწავლებლობას :) მამიკო კი ჩემს არჩევანს პატივს სცემდა და მისი ერთი-ორი იურისტი მეგობრის დახამერბით უფრო მეტი მხარდაჭერა გამიკეთა და კოლეჯშიც კი გადამიყვანა სამართალმცოდნეობის განხრით :) ეხლა იურისტი ვარ სამოქალაქო-ადმინისტრაციულის განხრით და დედაჩემს ვეამაყები :)
ეხლა, რომ ვუფიქრდები ბევრი სხვადასხვა "გზა" მესახებოდა, ალბათ ამ "გზებიდან" სხვა რომ ამერჩია ეხლა სხვაგან ვიქნებოდი, სხვა სტადიაზე, მაგრამ მშობლების გამო თბილისიდან ქუთაისში დავბრუნდი და აქ გავაგრძელე მოღვაწეობა :) და ამან განაპირობა იმ გზის არჩევა რა გზაზეც ვარ :) მყავს ოჯახი, ვმუშაობ და ვარ მშობლებთან ახლოს :) 
მე რომ მეორე "გზა" ამერჩია? ხანდახან ძალიან მინდა შორიდან მაინც შევხედო ის "გზა" როგორ წარმატებას მომიტანდა? მიმიყვანდა კი იმ მიზნამდე რომელიც დასახული მაქვს? ან იქნებ ამ გზას მივყავარ, ოღონდ ნელა და ზანტად, კუს ნაბიჯებით? ვღელავ, ვინტერესდები არასწორ გზას ხომ არ ვადგავარ? მაგრამ ვაი რო პასუხს ვერ ვღებულობ, ეს ხომ googl-ი არ არის ჩაწერო რამე და პასუხი ამოგიგდოს? :) 
თუმცა, როგორც ქართულ ფილმში "მონანიება"-ში მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე ამბობს მაშ რა საჭიროა ის გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიგვიყავანს? და დიახაც, მთავარია ყველა "გზა",
რომელსაც ჩვენ ავირჩევთ მიგვიყვანოს ტაძრამდე, უფლის სახლამდე, სამოთხეში...
 

Friday, September 12, 2014

"სტაიანშიკი"

       თითქოს ერთი ჩვეულებრივი პროფესიაა "სტაიანშიკობა", დგახარ, მეთვალყურეობ მანქანებს, სხვა არაფერი. მაგრამ შეიცნო ამ პროფესიის მთელი სირთულე, რამოდენიმე დღიანი დაკვირვება უნდა აწარმოო. მე კი მქონდა ამის შესაძლებლობა, რადგან ჩემი ფანჯრები თბილისის N51 საჯარო სკოლას უყურებს. იქვეა მანქანების სადგომიც, რომელსაც ერთი ჩია ძია კაცი დარაჯობს, განუყრელი შავი კეპით, შავი სთვალითა და შავი ჩანტით. ეტყობა აქაური არ არის, ალბათ ჩამოსულია, ეტყობა ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს, გონებაშეზღუდულია (არ მიყვარს ამ სიტყვის ხმარება) და ასე გააქვს თავი.
   დილიდან საღამომდე ერთი თავიდან მეორმდე დადის, მძღოლებს ეხმარება, კეთილსინდისიერად ასრულებს თავის თავზე დაკისრებული მოვალეოებებს წვიმაა თუ დარია. თითქოს ჩვეულებრივი პროფესიაა, დასაფასებელიც, მერე რა რომ თვითნებურად დანიშნული და არაოფიციალური, ლუკმა-პურის საშოვნელად სხვა გზა რომ ვეღარ იპოვა, ასე წვალობს... ვინ იცის რა ქარ-ცეცხლი ტრიალებს მის გულში?... აგერ უკვე ერთი თვეა ვაკივირდები და სიმართლე გითხრათ გული მიკვდება, რატომ? ახლავე გეტყვით, ჩემო მკითხველო. რატომ და ბევრი ე.წ "ახალი ქართველი" უკადრისობს, ზიზღოთ ეპყრობა და არად აგდებს ჩია კაცს, რომელსაც ღმერთმა უწყის როგორ დაეხმარება თუნდაც 10 თეთრი. "ახალი ქართველი" კი გაიბრინძება, ძვირადღირებულ მანქანაში ჩასკუპდება და მტელი სისწრაფით მოწყვიტავს მანქანას, აქაო და მე ვარ და ჩემი ნაბადი, შენ ვინ მიგდიხარო?! ძია კაცი კი ისევ მუყაითად აგრძელებს თავის საქმიანობას და იმ კეთილ ადამიანს ელოდება, რომელიც პურის ფულს მისცემს და ამით სიცოცხლეს შეუნარჩუნებს! სიმართლე გითხრათ არც ისე ცოტაა გულისხმიერი, ზოგი რჩევასაც კი ეკითხება, ისიც მთელი გულით ეხმარება და პატარა ბავშვივით ლაღობს, ე.ი საჭირო კაცია, ვიღაცას დაჭირდა...
     ვერსასდროს დავივიწყებ მის ბედნიერ სახე, თვალებს, როდესაც ჩვენს ეზოში ქორწილი იყო, საპატარძლოს მანქანის მძღოლმა კი მას ხუთ ლარიანი აჩუქა. მოხუცს თვალები მადლიერებით აევსო, ფულს კიდევ ერთხელ დახედა, ხელი მაგრად ჩაბღუჯა, გულში ჩაიკრა და ბედნიერი ნაბიჯი არეული გაუყვა გზას, მეც მასთან ერთად გახარებული თვალს ვადევნებდი და ცრემლი მომდიოდა, როდესაც ჩია ძია კაცმა ფულს კიდევ ერთხელ დახედა, გულში ჩაიკრა და გზა ისევ განაგრძო...
      რა მცირედს შეუძლია გახადოს ადამიანი ბედნიერი, ნუ დავიშურებთ ხალხო ამ მცირედს... და ვეცადოთ ჩვენი მომავალის განჭვრეტა, რადგან არავინ არ ვართ არაფრისაგან დაზღვეულნი... დღეს შეიძება "ფულში დავცურავთ", მაგრამ ხვალ გამხმარი პური მოგვენატროს... ამიტომ ვაკეთოთ სიკეთე, ნუ ვიქნებით ძუნწები და ერთი ადამიანი მაინც ვიხსნათ ს ი კ ვ დ ი ლ ი ს ა გ ა ნ !

12.06.2008 წ

Thursday, September 4, 2014

მისია

                                                                                 * * *

      სავარძელში დაძაბული იჯდა. ერთი წერტილისათვის მიეშტერებინა თვალი, თან ნერვიულად იკვნეტდა ფრჩხილებს, კარგახანს იყო ასეთ მდგომარეობაში, თითქოს დროც გაჩერდა.
      კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა:
      -შეიძლება? - მორცხვად იკითხა მდივანმა
      -არა!!!- თითით ანიშნა და გამგმირავი მზერა სტყორცნა.
      ერთ ადგილზე ჯდომამ დაღალა, ადგა, მის უზარმაზარ კაბინეტში გაიარ-გამოიარა, ნერვიულობიდან ტუჩებს იჭამდა, ფანჯარაში გადაიხედა და ისევ სამუშაო მაგიდას მიუჯდა, შეტყუპებული ხელები სახესთან მიიტანა და ჩაფიქრდა. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოიყვანა, უაზროდ გახედა ჩამწკრივებულ ტელეფონებს, უცებ გაფითრდა, სანამ უპასუხებდა ღრმად ამოისუნთქა და ყურმილს დასწვდა, რომელსაც მოძრავი დისკო არ ჰქონდა და სპეცკავშირისთვის იყო გამიზუნლი...
     -თქვენი მისია უკვე ამოიწურა, თავი ყველაფერს შესანიშნავად გაართვით; მართალია, იყო ხარვეზები, მაგრამ არაუშავს გამოსწორებადია. ამის გამო არ დაისჯებით. ახლა კი შეასრულეთ უკანასკნელი მისია. ჩვენ გელოდებით. - ტელეფონში წყვეტილი ზუმერი გაისმა.


     -ჩვენ კვლავ ეთერში ვართ და განვაგრძობთ  მუშაობას. დღეს ხალხის რაოდენობამ უფრო იმატა, რუსთაველის გამზირი მთლიანად გადაკეტილია და მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია.  ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში პარლამენტის შენობიდან გვერთვება ჩვენი კორესპოდენტი, სანდრო მანაგაძე. გისმენთ სანდრო. რა მდგომაროებაა მანდ?
     -აქ, როგოც უკვე აღნიშნეთ, მდგომარეობა უცვლელია, უფრო მეტიც ხალხი ზენიტშია და თუ პრეზიდენტი არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რის გამოც ისინი აქ დღე და ღამ არიან, მასობრივ შიმშილობას მიმართავენ. აქ გამოდიან ოპოზიციის ლიდერები და სხვადასხვა შეძახილებით ამხნევებენ შეკრებილთ, ჩვენ ახლა გთავაზობთ რეპორტაჟს...
     ტელევიზორი გამორთო, ნერვიულად შეისწორა თმები, მოწესრიგდა და პრეს-მდივანის სამსახურის უფროსი გამოიძახა.

     -ახლა მაცნობებენ, რომ პირდაპირ ჩართვაა კანცელარიიდან, ამიტომ ამ რეპორტაჟს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. - ნაჩქარევაად თქვა ქეთი კვაჭანტირაძემ
     -მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ხალო! - შეჩერდა - მე ბევრი ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ კონკრეტულად გეტყვით ჩემს სათქმელს - ხმა შეეცვალა, უხერხულად შეიშმუშნა და თმაზე ხელი გადაისვა - რადგან მე დიდ პატივს ვცემ თითოეულ თქვენგანს, მე მივედი იმ გადაწყვეტიელამდე, რომ ... - წყალი მოსვა - მე გადავდგები და ჩატარდეს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. მადლობთ!
ტელეჟურნალისტი იმდენად დაიბნა, რამდენიმე წამით ენა გადაყლაპა, ბოლოს ძალა მოიკრიბა და გაოგნებულმა პირდაპირ ეთერი განაგრძო.
     -როგორც თქვენთვის ახლახანს გახდა ცნობილი პრეზიდენტი გადადგა, ჩვენ ამ და სხვა ახალ ამბებთან ერთად რამოდენიმე წუთში, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.


     ახალი ინფორმაცია ელვის სისწრაფით გავრცელდა მიტინგზე მყოფ ადამიანებში, ყველა ერთმანეთს ულოცავდა, ოპოზიცია ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა და თანადგომისათვის და ერთიანობისათვის მადლობას უხდიდა მათ...

     -მოგესალმებით, ბატონო ბადრი. თქვენ როგორც ექსპერტი, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას?
      -ეს, ჩემი აზრით, საკმაოდ ლოგიკური იყო მისი მხრიდან, სხვა გზა მას უკვე აღარ ჰქონდა და მე პირადად დადებითად ვაფასებ...
      -თქვენ რას გვეტყვით, ქ-ნო თამარ?
    -რა თქმა უნდა, დროული იყო და უფროსწორად დაგვიანებულიც კი! მას ეს ნაბიჯი უფრო ადრე უნდა გადაედგა, მაგრამ ხომ გაგიგონიათ "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს?"

  ათასგვარი მოსაზრება ისმოდა ექსპერტებისაგან, პოლიტოლოგებისაგან, პოლიტიკოსებისაგან, უმრავლესობა მართებულ და სწორ ნაბიჯად მიიჩნევდა ამ ქმედებას, თუმცა არ მალავდნენ, რომ ამ ნაბიჯის გადადგაში პრეზიდენტს ხალხის ერთსულოვნება დაეხმარა...
   გახარებული ხალხი მშვიდობიან აქციებს ატარებდა "ჩვენ გავიმარჯვეთ", "ჩვენ ერთიანებივართ", "წავიდა წავიდააა" და სხვა მსგავსი ტრანსფარანტებით ცენტრალურ გზებზე დადიოდნენ, დაქროდნენ მანქანებით და იყო მთელი აჟიოტაჟი. რა უხაროდათ? ის, რომ მათმა ორკვირიანმა მიტინგებმა შედეგი გამოიღო და არასასურველი პრეზიდენტი გადააყენეს, რა ეს ცოტა საქმე ხომ არ გგონიათ? ხალხმა და ოპოზიციამ გაიმარჯავა?!

   დაღლილი და არაქათგამოცლილი კაბინეტში განმარტოვდა. ცივმა დუმილმა დაისადგურა. ისევ ფიქრებს მიეცა და ფიქრი კვლავ სპეცკავშირისთვის გამიზნულმა ტელეფონის ხმამ დაუფრთხო:
       -გისმენთ, - ხმა ჩაუწყდა.
   -ძალიან კარგი ბრიფინგი იყო! ყველას მოგვეწონა! გილოცავთ, თქვენი მისია მაგ ქვეყანაში უკვე ამოწურულია! ახალი კანდიდატი უკვე მზადაა შეასრულოს ახალი მისია, უხელმძღვანელოს თქვენს ქვეყანას! თქვენ კი აქ გელოდებით, ახალი მისიის შესასრულებლად! დროებით!
     ყურმილი ფრთხილად დააბრუნა თავის ადგილზე, თვითონ კაბინეტი მოათვალიერა და საიდუმლო კარებში გაუჩინარდა.

2008 წელი