Thursday, September 4, 2014

მისია

                                                                                 * * *

      სავარძელში დაძაბული იჯდა. ერთი წერტილისათვის მიეშტერებინა თვალი, თან ნერვიულად იკვნეტდა ფრჩხილებს, კარგახანს იყო ასეთ მდგომარეობაში, თითქოს დროც გაჩერდა.
      კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა:
      -შეიძლება? - მორცხვად იკითხა მდივანმა
      -არა!!!- თითით ანიშნა და გამგმირავი მზერა სტყორცნა.
      ერთ ადგილზე ჯდომამ დაღალა, ადგა, მის უზარმაზარ კაბინეტში გაიარ-გამოიარა, ნერვიულობიდან ტუჩებს იჭამდა, ფანჯარაში გადაიხედა და ისევ სამუშაო მაგიდას მიუჯდა, შეტყუპებული ხელები სახესთან მიიტანა და ჩაფიქრდა. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოიყვანა, უაზროდ გახედა ჩამწკრივებულ ტელეფონებს, უცებ გაფითრდა, სანამ უპასუხებდა ღრმად ამოისუნთქა და ყურმილს დასწვდა, რომელსაც მოძრავი დისკო არ ჰქონდა და სპეცკავშირისთვის იყო გამიზუნლი...
     -თქვენი მისია უკვე ამოიწურა, თავი ყველაფერს შესანიშნავად გაართვით; მართალია, იყო ხარვეზები, მაგრამ არაუშავს გამოსწორებადია. ამის გამო არ დაისჯებით. ახლა კი შეასრულეთ უკანასკნელი მისია. ჩვენ გელოდებით. - ტელეფონში წყვეტილი ზუმერი გაისმა.


     -ჩვენ კვლავ ეთერში ვართ და განვაგრძობთ  მუშაობას. დღეს ხალხის რაოდენობამ უფრო იმატა, რუსთაველის გამზირი მთლიანად გადაკეტილია და მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია.  ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში პარლამენტის შენობიდან გვერთვება ჩვენი კორესპოდენტი, სანდრო მანაგაძე. გისმენთ სანდრო. რა მდგომაროებაა მანდ?
     -აქ, როგოც უკვე აღნიშნეთ, მდგომარეობა უცვლელია, უფრო მეტიც ხალხი ზენიტშია და თუ პრეზიდენტი არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რის გამოც ისინი აქ დღე და ღამ არიან, მასობრივ შიმშილობას მიმართავენ. აქ გამოდიან ოპოზიციის ლიდერები და სხვადასხვა შეძახილებით ამხნევებენ შეკრებილთ, ჩვენ ახლა გთავაზობთ რეპორტაჟს...
     ტელევიზორი გამორთო, ნერვიულად შეისწორა თმები, მოწესრიგდა და პრეს-მდივანის სამსახურის უფროსი გამოიძახა.

     -ახლა მაცნობებენ, რომ პირდაპირ ჩართვაა კანცელარიიდან, ამიტომ ამ რეპორტაჟს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. - ნაჩქარევაად თქვა ქეთი კვაჭანტირაძემ
     -მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ხალო! - შეჩერდა - მე ბევრი ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ კონკრეტულად გეტყვით ჩემს სათქმელს - ხმა შეეცვალა, უხერხულად შეიშმუშნა და თმაზე ხელი გადაისვა - რადგან მე დიდ პატივს ვცემ თითოეულ თქვენგანს, მე მივედი იმ გადაწყვეტიელამდე, რომ ... - წყალი მოსვა - მე გადავდგები და ჩატარდეს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. მადლობთ!
ტელეჟურნალისტი იმდენად დაიბნა, რამდენიმე წამით ენა გადაყლაპა, ბოლოს ძალა მოიკრიბა და გაოგნებულმა პირდაპირ ეთერი განაგრძო.
     -როგორც თქვენთვის ახლახანს გახდა ცნობილი პრეზიდენტი გადადგა, ჩვენ ამ და სხვა ახალ ამბებთან ერთად რამოდენიმე წუთში, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.


     ახალი ინფორმაცია ელვის სისწრაფით გავრცელდა მიტინგზე მყოფ ადამიანებში, ყველა ერთმანეთს ულოცავდა, ოპოზიცია ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა და თანადგომისათვის და ერთიანობისათვის მადლობას უხდიდა მათ...

     -მოგესალმებით, ბატონო ბადრი. თქვენ როგორც ექსპერტი, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას?
      -ეს, ჩემი აზრით, საკმაოდ ლოგიკური იყო მისი მხრიდან, სხვა გზა მას უკვე აღარ ჰქონდა და მე პირადად დადებითად ვაფასებ...
      -თქვენ რას გვეტყვით, ქ-ნო თამარ?
    -რა თქმა უნდა, დროული იყო და უფროსწორად დაგვიანებულიც კი! მას ეს ნაბიჯი უფრო ადრე უნდა გადაედგა, მაგრამ ხომ გაგიგონიათ "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს?"

  ათასგვარი მოსაზრება ისმოდა ექსპერტებისაგან, პოლიტოლოგებისაგან, პოლიტიკოსებისაგან, უმრავლესობა მართებულ და სწორ ნაბიჯად მიიჩნევდა ამ ქმედებას, თუმცა არ მალავდნენ, რომ ამ ნაბიჯის გადადგაში პრეზიდენტს ხალხის ერთსულოვნება დაეხმარა...
   გახარებული ხალხი მშვიდობიან აქციებს ატარებდა "ჩვენ გავიმარჯვეთ", "ჩვენ ერთიანებივართ", "წავიდა წავიდააა" და სხვა მსგავსი ტრანსფარანტებით ცენტრალურ გზებზე დადიოდნენ, დაქროდნენ მანქანებით და იყო მთელი აჟიოტაჟი. რა უხაროდათ? ის, რომ მათმა ორკვირიანმა მიტინგებმა შედეგი გამოიღო და არასასურველი პრეზიდენტი გადააყენეს, რა ეს ცოტა საქმე ხომ არ გგონიათ? ხალხმა და ოპოზიციამ გაიმარჯავა?!

   დაღლილი და არაქათგამოცლილი კაბინეტში განმარტოვდა. ცივმა დუმილმა დაისადგურა. ისევ ფიქრებს მიეცა და ფიქრი კვლავ სპეცკავშირისთვის გამიზნულმა ტელეფონის ხმამ დაუფრთხო:
       -გისმენთ, - ხმა ჩაუწყდა.
   -ძალიან კარგი ბრიფინგი იყო! ყველას მოგვეწონა! გილოცავთ, თქვენი მისია მაგ ქვეყანაში უკვე ამოწურულია! ახალი კანდიდატი უკვე მზადაა შეასრულოს ახალი მისია, უხელმძღვანელოს თქვენს ქვეყანას! თქვენ კი აქ გელოდებით, ახალი მისიის შესასრულებლად! დროებით!
     ყურმილი ფრთხილად დააბრუნა თავის ადგილზე, თვითონ კაბინეტი მოათვალიერა და საიდუმლო კარებში გაუჩინარდა.

2008 წელი

No comments:

Post a Comment