Thursday, January 15, 2015

ცხოვრებისეული ეპიზოდები N1

08.08.08

    სასადილო ოთახი სავსე იყო დამსვენებლებით და ყველა გულის ფანცქალით უყურებდა ციცქნა ტელევიზორს, საიდანაც ჟურნალისტები არცთუ ისე სახარბიელო ინფორმაციებს გვაწვდიდნენ. 
      ღამის 12 საათზე ზაალი უდუმაშვილი და დიკო ჯოჯუა დაგვემშვიდობა უკეტესი სიახლეების იმედით. დასრულდა თუ არა კურიერი, სასადილო ახმაურდა, ყველა ცდილობდა მომხდართან დაკავშირებით მისი აზრი გამოეთქვა, მე კი განერვიულებული გულში ვლოცულობდი. უცებ გრუხუნის მსგავის ხმა გაისმა:
-ალბათ ბავშვი გადმოვარდა, - გაიქცა მეორე სართულზე თამრიკო.
-არა, ალბათ წვიმას იწყებს - თქვა ვიღაცამ
-რა წვიმას?! ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი - გავაქარწყლე ვარაუდი და მეორე სართულის აივანზე ავირბინე, ცას გავხედე, სადღაც შორს წითლად ანათებდა და ქრებოდა...
-ხედავ იქ? - თითი გავიშვირე და სოფო გავახედე, მაგრამ ვერაფერი დაინახა, მე კი მომუსხულივით გავცქეროდი და ისევ ვლოცულობდი.
      დამსვენებლები გარეთ ეზოში გამოვიდნენ, ზოგი სიგარეტს აბოლებდა, ზოგი კი ნერვიულ ბოლთას სცემდა. ქვემოთ ჩამოვედი, შემცივდა, უფრო ნერვიული სიცივე იყო... შეტყობინება მომივიდა, თამრო მწერდა:
-:ფოთი დაბომბეს!!! :
          ჩემმა დამ ღრიალი მორთო
-ხატიას დაურეკე ჩქარა, ის ფოთშია- ვეცადე დამემშვიდებინა, რომ ისევ შეტყობინება
-:სენაკიც დაბომბეს!!! :
         უკვე ვეღარ გავუძელი, ეზოს სიბნელეს შევერიე და ავტირდი. ისევ შეტყობინება
-:შეიძლება ქუთაისიც დაბომბონ... :
    და უკვე გავჭედე, ნერვიული კანაკალი დამეწყო, ტანში მცრიდა, ყველა განერვიულდა, არსად ირეკებოდა, მაგრამ სასწაულად მოდიოდა შეტყობინება-შეტყობინებაზე:
-ქობულეთში შუქრი ჩააქრეს...
-ბათუმიც ჩაბნელებულია ...
     ტელევიზორში კი გლადიატორი მიმდინარეობს, სასადილოში ვიღაც შემოვარდა
-ჩქარა წყალი, დიანაა ცუდად
     ქალები დიანას ოთახისაკენ გაიქცნენ, ყველას დაავიწყდა ომის თემა.
-რა ვქნათ მშობიარობა, რომ დაეწყოს? - აღელდნენ მამაკაცებიც
     გადავრჩით, მშვიდად ჩაეძინა.
     როგორც იქნა დედიკოს დავურეკე, ეძინა...
-ხო, დედა - ნამძინარევი ხმით მიპასუხა
-დე, კარგად ხართ? - სე ვთქვი და ცრემლები წამსკდა, ხმა ვეღარ ამოვიღე და მობილური გავთიშე. ისევ დავრეკე - დე, ფოთი და სენაკი დაბომბეს, ამბობენ ქუთაისაც დაბომბავენო, როგორ ხართ?
-დაწყნარდი, აქეთ სიმშვიდეა. ნუ ნერვიულობ, მე გადმოგირეკავ...
     ვცდილობ არ ვიტირო, სიმშვიდე შევინარჩუნო, ისევ ვლოცულობ. არავის არ ეძინება, ყველა რაღაცას ჩაფიქრებია, ტელევიზორში კი ისევ გლადიატორი მიმდინარეობს...
-ხო დედა?
-შვილო, არაფერი უთქვამთ ტელევიზორში ფოთისა და სენაკის დაბომბვაზე...
-რას იტყოდნენ? სულ რაღაც 20 წუთის წინ მოხდა ყოველივე!!!
- დედა, შენი კლასელები არიან სენაკში რეზერვისტებად...
-....- ნერვიულმა სპაზმა შემიპყრო, ცრემლები გამეყინა - რა უნდოდათ სენაკში?! - ძლივს   ამოვილუღლუღე
-ნუ ტირი ,შვილო. - აქეთ მამშვიდებდა თვითონ დასამშვიდებელი - ხვალ მამაშენს გამოვუშვებ და ჩამოგიყვანთ.
-კარგი დე ! უფალი გფარავდეთ!...
- რა გჭირს? -  თათია მომვარდა.
-ბიჭები არიან სენაკში - მუშტები დავიკბინე, რომ ხმამაღლა არ მებღავლა...
- ვიინ? შენებიი? - ატირდა ჩემი დაც.
      გადავიღალე, ემოციებმა, ინფორმაციებმა მომქანცეს,მგონი სიცხეც მაქვს, ყელი მტკივა, დამწვარი მეჭიც მეწვოდა, ძლივს მივლასლასდი ლოგინთან და ჩაცმული ჩავწექი, ჩამეძინა, სიზმარი ვნახე, ომი, სისხლი, რაღაც არეული წარსმული და აწყმოს შორის, დამფრთახლი და ატირებული სახეები...
     ადრე გამეღვიძა, ჩუმად ავდექი და ამომავალ მზეს დავუწყე ცქერა, გული დამძიმებული მქონდა, არ მსურდა ცუდზე მეფიქრა, მაგრამ...
სასადილოში ჩავედი, 8 სრულდებოდა, ტელევიზორი ჩავრთე, დამსვენებლები იკრიბებოდნენ, ყველას აინტერესებდა რა იყო ახალი, მაგრამ საინფორმაციო ვაკუუმში ვიყავით, არც ერთ არხზე არ გადიოდა ინფორმაცია...
-არ არის ეს კარგი! რაღაც უბედურებაა ჩვენს თავს, თორემ ინფორმაციას არ დაგვიმალავდნენ?!
-რუსული არხებიც ამოთიშულია...
-მე მაგათი...- აღარ დაასრულა მაღალმა.
          დანაღვლიანებული ზემოთ ავედი, მარტოობა მსურდა... აღარ შემეძლო მოტირალი სახეების ცქერა, ძალა არ შემწევდა სასოწარკვეთისათვის თავი, რომ დამეღწია, ყველაფერზე მეტირებოდა...
          ვიტირე იმ ჯარისკაცზე, რომელიც ამ დილით გაემგზავრა ჩვენიდან, ცოლ-შვილი კი აქ დატოვა... ვღელავდი ყველა ჩემს მეგობარსა თუ ახლობელზე, ვღელავდი სრულიად საქართველოზე, ქართველბზე, ცვრიან მინდორში დავხეტიალობდი და უხმოდ ვტიროდი...

            ეს იყო 2008 წლის 09 აგვისტოს დილა....

2 comments:

  1. vaime :(
    ra mdzimea amis cakitxva da gaxseneba :I
    gmertma gvashoros da ar ganmeordes arasdros.

    ReplyDelete
    Replies
    1. გეთანხმები თინათინ, ეს ყველაზე მძჲმე წასაკითხი და გასახენებელია... მაგრამ ეს ის ფაქტებია, რომელიც რეალურია და ბევრისთვის უცნობი... ეს პირველი ეპიზოდია ჩემი ნოველის კრებულისა, რომლის გამოქვეყნება აქ დავიწყე დანარჩენს კი მომავალში ეტაპობრივად შემოგთავაზებთ :)

      მე კი ვისურვებდი, რომ ომი არასდროს ყოფილიყოს არამარტო საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში ...

      Delete