Tuesday, February 3, 2015

ნუ განიკითხავ და არ განიკითხები !!!

განკითხვა, სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი მეგზურია... ისე იოლად განვიკითხავთ, ისე მარტივად... მერე ვუფიქრდებით შედეგებს... ხანდახან არც კი ვუფიქრდებით ! ! !

სახარებაში ვკითხულობთ „ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ“, „რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ“. ეს ცოდვა მეტად არის გავრცელებული, მაგრამ იმის შეგრძნება, თუ რამდენად მავნეა იგი, უმთავრესად ნაკლებად გვაქვს. ხშირად ვერ ხერხდება იმ მომენტის დაჭერაც, როცა განკითხვას ვიწყებთ. ვიცით, რომ სხვისი განკითხვა ცოდვაა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისე ვიწყებთ განკითხვას, ზოგჯერ ვერც კი ვგრძნობთ ამის შესახებ, გულში შესაძლოა უსიამოვნოდ გაგვკრას, ხომ არ ვცოდავო, მაგრამ ხშირად ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ხანდახან კარგად ვხდებით, რომ არასწორად ვიქცევით, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ საკუთარ თავს. 

თითქოს მოდურიც გახდა ვიღაცის გაჭორვა, განკითხვა...

რამდენჯერ ენის წვერზე მიკბენია "ეხლა მე ხო განვიკითხეთქო?" და მერე ჩემს ცოდვებზე ჩავფიქრებულვარ... იოლია სხვისი განკითხვა, გაჭორვა, სხვისი საქმეების გაქიაქება და ბრძნული აზრების დაფრქვევა, მე ასე მოვიქცეოდი, მას ასე არ უნდა ექნა და მრავალი სხვა... თუმცა როცა ჩვენ განგვიკითხავენ, გაგვჭორავენ გულზე გვეტაკება და ვბუზღუნებთ : მაგას ვინ ეკითხება მე ასე მინდოდა და ასე მოვიქეცი ან მან რა იცის მე რა მიჭირს და მრავალი სხვა. სინამდვილეში რეალური მიზეზი თითქმის არავინ იცის ვინ რატო ასე მოიქცა და არა ისე... 

გავიხსენებ ერთ ფაქტს, წირვაზე ვიდექი, ერთი გოგონა შემოვიდა, შარვალი ეცვა, რიდით მიეახლა ხატებს, რომ უცებ მოხუცი მრევალი დაეტაკა და ყვირილი დაუწყო "რატო შემოხვედი ტაძარში შარვლითო?", გოგონა აიბუზა, რომ უცებ მამაო მოვიდა მოხუც მრევლთან და ეუბნება "რატომ განიკითხავ? იცი მის შესახებ რამე? სულ 3 დღეა რაც მოინათლა და უარი თქვა იაღოვაზე და ახლა იწყებს სიარულს და სწავლას ჩვენი რელიგიისა და შენ არავინ გეკითხება კაბით შემოვა თუ შარვლით". დავფიქრდი, ხო მართალია, ჩვენ ხომ ბევრი რამ არ ვიცით? მახსოვს ჩემი ა.წ გარდაცვლილი მამა დოსითეოსი მეუბნებოდა "რომ დაგიშალო შარვლის ჩაცმა , რა მერე? ეს იძულებაა, იძულებით გაკეთებული კი გულით გაკეთებული არ არის, მოვა დრო და შენ თვითონ გადაწყვეტ ჩაიცვა თუ არა შარვალი..." ასევე ამბობდა, ერთხელ ეკლესიის ეზოში ვიჯექი, გოგონები დავინახე მოდიოდნენ, შარვლები ეცვათ, გარედან კი შარფებს იხვევდნენ... ვის ატყუებდნენ ნეტა? უფალს? რა თვითონ თუ იციან შარვალი, რომ აცვიათ, განა უფალმა არ იცის? ვითომ მოტყუებას სჯობია შარვლით შეხვიდეო"....

მახსოვს ერთხელ ჩემი ახლობელი მეუბნება:

_ არა რაა, როცა არ იცი დაზუსტებით არაფერი არ უნდა განიკითხოო... 

_რა იყო? _ ვკითხე მე

_გახსოვს მე რომ გეუბნებოდი ამასწინ, ჩემი მეზობელი დავინახე ბაზარში რაღაცეებს აგროვებდა, ნარჩენებსთქო

_მერე?

_და გიჟად, რომ შევრაცხე? აბა რა უჭირს იმის ფასი ნარჩენებს, რომ აგროვებს ბაზარშითქო? თურმე გაჩერდი, ენავ ძირში მოსაჭრელო! თურმე კურდღლების ფერმა ჰქონია და იმათთვის აგროვებდა. მე კი ისე იოლად განვიკითხე... არა რაა, მართალია, რომ ამბობენ "სხვა სხვის ომში ბრძენიაო!"

მაღიზიანებს, როდესაც საერო პირების გარდა, სასულიერო პირებსაც აქტიურად განიკითხავენ... მაგას აღსარება როგორ უნდა ჩააბარო, თავი ეკლესიას შეაფარა, ეგ ნარკომანი იყო ადრე, ან ყაჩაღი იყო და აღარ გავიმეორებ კიდე... ჰმ, და ნეტა თუ იცით თუნდა პავლე მოციქულის შესახებ? ან მარიამ ეგვიპტელის შესახებ? იცით მათი წარსული? ეხლა ხო ისინი წმინდანები არიან?


" ღირსი მარიამ ეგვიპტელი თორმეტი წლის ასაკში გაიქცა მშობლიური სახლიდან და ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მისდევდა უზნეო ცხოვრებას ალექსანდრიაში, მაგრამ ამას ფულადი გამორჩენის მიზნით არ იქმოდა – დღიურ სარჩოს შოულობდა ქსოვითა და კერვით, ხოლო  მეძავობას სჩადიოდა იმ შეგნებით, რომ ცხოვრების არსი მხოლოდ ხორციელი ვნების დაკმაყოფილება იყო."

"მოციქული პავლე დაიბადა ქ. ტარსუსში (კილიკია), წარჩინებული ებრაელის ოჯახში. ახ. წ. I საუკუნეში. საღვთისმეტყველო განათლება მიიღო იერუსალიმში ფარისეველ გამალიელის სკოლაში. სავლე, თავდაპირველად აქტიურად მონაწილეობდა ქრისტიანთა დევნაში. დამასკოს გზაზე მას გამოეცხადა ნათლით მოსილი უფალი იესო ქრისტე და ჰკითხა „საულ, საულ, რაისა მდევნი მე?”. ამ სასწაულის შემდეგ სავლე დაბრმავდა. მოგვიანებით მოციქულმა ანანიამ უფლის ნებით მოძებნა სავლე,მონათლა და თვალები აუხილა. ანანიამ მას სახელი შეუცვალა და დაარქვა პავლე"

ამიტომ ასე ხელაღებით ნუ განვიკითხავთ სასულიერო პირებსაც, არავინ იცის უფლისთვის ვინ რა კეთილ საქმეს სჩადის... 

ისევ მამა დოსითეოსის მონათხრობს მოვიშველიებ: ერთ უდაბნოშ განდეგილი ბერი ცხოვრობდა, 40 წელი არავის დალაპარაკებია, იყო მარხვასა და ლოცვაში... ერთ დღეს ილოცა და უფალს ჰკითხა, თუ როგორ შეაფასებდა მის ღვაწლს... ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: ერთ ქალაქში ერთი კაცი ცხოვრობს, ე.წ. "მამაშა" და თქვენ ორივეს ერთი ღვაწლი გაქვთო. ბერი დაიტერესდა მე ამდენი ხანია ვიღწვი და იმ ადამიანს როგორ შემადარესო? და მის გასაცნობად მითითებულ ქალაქში გაემგზავრა. იმ კაცმა ბერი მოწიწებით მიიღო, დასხდნენ სავახშმოდ და ბერმა მისი მისვლის მიზეზი უთხრა. ამ კაცმა კი უთრხა: სიკეთეთ თუ ითველბა, ის ფაქტი, რომ ერთხელ მონაზვნებს დავეხმარე, მათ თავს დაესხნენ ყაჩაღები და აწიოკება უნდოდათ მონასტრის, მე ჩემი მეძავები გამოვაწყვე მონაზვნების ფორმაში და ასე გადავარჩინე ისინი შეურაწყოფას... კიდევ 2 სიკეთე თქვა ... თუმცა თვლიდა, რომ მას სიკეთე არ ჰქონდა არასდროს გაკეთებული... "

მოკლედ ასეა, არავინ იცის ვინ რა სიკეთეს აკეთებს, ვის რა სულიერება აქვს როგორც სასულიერო ისე საერო პირს... განკითხვა კი ძალზე მარტივია, ენას ხომ ძვალი არ აქვს?

ხანდახან ვფიქრობ, მე რაც მგონია განკითხვა ის კიდე უფრო მძიმეა და დასაფიქრებელი... განვიკითხავთ ჩაცმულობის სტილს, ვარცხნილობის სტილს, სიარულის მანერას, პიროვნებებს, მსახიობებს, მომღერლებს, ზოგადად ყველაფერს რასაც შეიძლება გავკრათ კბილი და შეგვიძლია გავიცინოთ ან აქტიურად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი აზრი, უარყოფითი, რა თქმა უნდა! 

ხანდახან უცებ სულის სიმძიმეს ვგრძნობ, რაღაც ისე დავმძიმდები, ვაიმე რა მჭირსთქო მიფიქრია... რა მჭირს ნეტა? ჰმ! ალბათ განკითხვის ცოდვები მძიმდება ჩემში ზოგჯერ ნებით ზოგჯერ ხო უნებლიედ განმიკითხავ ვინმეს? თუნცა ჩაცმულობის სტილზე? ვახ ვინ ვარ მე? თუ მოწონს ეცვას ხოო? მოსწონს მწვანე თმა? ჰქონდეს, მე ხო მომწონს ჩემის თმის ფერი? იქნებ ვინმეს არ მოსწონს? ამიტომ უნდა განვიკითხო-განმიკითხოს? როცა ამ საკითხს ჩავუფიქრდი-ჩავუღრმავდი, მივხდი რომ განკითხვა სხვების შემემცირებინა (არა ის არ გეგონოთ ეხლა მე ვზივარ და განვიკითხავ ყველას :) :) ), განკითხვას თავის განშტოებებიც აქვს, განკითხვაა თუნდაც ჭორაობა :) ჭორაობა კი რავი არამარტო ქალებს, მამაკაცებსაც აქტიურად უყვართ :) ხო იმას ვამბობდი, ვცდილობ როცა ვინმეს განკითხვა-გაჭორვაში უნდათ ჩამითრიონ, ვაწყვეტინებ "მე არ მაინტერესებს, ეს მისი ცხოვრებაა"... 

ალბათ ბევრი ჩვენგანი თუ დაფიქრდება, მიხვდება, რომ უაზროდ სხვების განკითხვა, გაჭორვა თუნდაც როგორი ჩექმები აცვია, ან როგორ გაშორდა ქმარს, ან მამაო ჯიპზე ზის, სხვა და სხვა... უფრო მარტივი გახდება ჩვენი ცხოვრება, უფრო გავარდისფერდება და გამშვენდება. როცა ვიღაცის გაჭორვას დააპირებ და უცებ გონება სიგნალს მოგცემს "ოეე, ჩემი ძმაა, განკითხვას იწყებო" :) ყური უგდეთ, ენაზე კბილი დაიჭირეთ და ასე ნელ-ნელა შევამცირებთ განკითხვის ცოდვებს და დედამიწა დადებითი აურით უფრო მეტად აივსება :) მე ასე მწამს და მჯერა... 

და მუდამ გვახსოვდეს უფლის სიყვები "არ განიკითხო და არ განიკითხები"...

 


5 comments:

  1. კარგი იყო, დამაფიქრებელი...
    წმინდა არქიმანდრიტი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი, ასე ამბობდა, ენას და მუცელს თუ სძლიე, მერე რაღა გიჭირსო. :)

    კი, ახლა ძალიან მოდაშია სასულიერო პირების ქილიკი. რთულ დროში ვცხოვრობთ :) მან იკითხოს, ვინც აგდებით იხსენიებს და ვინ როგორ ცხოვრობს და რა გულით, ამას უფალი ხედავს.

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო, მეც დამაფიქრა ბევრმა ფაქტმა და ამიტომაც დავფიქრდი ჩემს ცხოვრებაზე... ჩემს ქმედებებზე... ხო მოდაშია რატომღაც სასულიერო პირების, სარწმუნეობის დაცინვა არამარტო მართლმადიდებლური, არამედ სხვადასხვა რელიგიების... ეს ჩემტვის გამაღიზიანებელია... მუსლიმს მისი ალაჰის წამს, მე ჩემი უფალის... ვერ ვგებულობ როცა სარწმუნეობას ასე სალანძღავად იყენებენ... მაგრამ მართალი ხარ, უფალი მაღალია, ის ყველაფერს ხედავს...

      Delete
  2. კარგი შეგონება იყო ხატი, ასეთი რამეების წაკითხვა ყოველთვის მეტად მაფხილზებს , მადლობა შენ !

    მამაოს განკითხვას რაც შეეხება, სულ მახსენდება ჩვენი ნინოს მღვდელ ბაბუას რომ უთქვამს მისი მეზობლისთვის, რომელიც ცოვდებში ეჯიბრებოდა ალბათ მას , ,,მე თუ რამეს ვცოდავ ყოველ დილა -საღამო წირვა ლოცვაში ვარო".
    სამყარო უკეთესი გახდება ხატ განკითხვა რომ არ არსებობდეს და მეტი მიმტევებლობა იყოს, ასე ჩასაფრებულები არ ვიყოთ ერთმანეთის შეცდომებს ყველანი!

    ReplyDelete
    Replies
    1. მეტი სიყვარული ერთმანეთის მიმართ, მეტი მიმტევლობა, ჩვენს თავლში დირეს დანახვა და ა.შ განაპირობებს ალბათ განკითვხის ცოდვის შემცირებას... დაე უფალი შეგვეწიოს ამ ცოდვის დაძლევაში და განკითხვის მაგივრად ჩვენი მოყვასის სიყვარულში გაძლიერებაში

      Delete
  3. არ განიკითხო და არ განიკითხები, მაგრამ ვინც ცრუ მოძღვარი განიკითხოს ცხონდეს...

    ReplyDelete