Tuesday, December 16, 2014

ავთო (ტატუნა) ჩვენი ტკივილი...




დღეს 17 დეკემბერია, წმინდა ბარბარეს ხსენების დღე, იგივე ბარბარობა...

ეს დღე ძალიან გიყვარდა, ამბობდი დღეს, რომ დავბადებულიყავი რა კარგი იქნებოდაო და მუდამ ამ დღეს, ერთი დღით ადრე აღნიშნავდი იუბილეს. მე ეს ეხლა გავიგე, რადგან ვიცოდი, რომ 17 დეკემბერს იყავი დაბადებული, არადა თურმე 18 დეკემბერს გაქვს დაბადების დღეს. მაგრამ, რადგან ეს შენი საყვარელი დღე და რიცხვი იყო, ამიტომ დღეს გილოცავ, ჩემო კარგო, დაბადების დღეს, 32 წლის გახდებოდი... 

უამრავი ოცნება გქონდა, აუხდენელი დაგრჩა... 

არ დაგცალდა, არ გამოვიდა, უფალმა ასე ინება... 

ვზივარ, ვწერ და მთელი ბავშვობა წინ მიდგება, ერთად გატარებული, ბევრი რამ ერთად გადახდენლი...

ყველა ტატუნას გეძახდა, სიმართლე გითხრა არ ვიცი რატომ... შენც იშვიათად ამბობდი, რომ ავთო გერქვა... მახსოვს უკვე სიყმაწვილის პერიოდში გოგოები „ტატოს“ გეძახდნენ, შენც იფერებდი. ბევრი გოგო გირეკავდა სახლში (მაშინ მობილურები ასე მასიურად არ იყო). ერთი ასეთი დარეკვის დროს გოგომ იკითხა:
-ტატო მინდოდაო...
მე დათო გავიგონე და მეზობელ დათოსთან გავარდი, ვიღაც გოგო გირეკავსთქო. ის დაბნეული გამომყვა „ვინ უნდა იყოს ნეტაო?“.  თურმე მე გავიგონე არასწორად და შენ გირეკავდნენ... სამწუხაროდ, არც დათო აღარ არის დღეს ცოცხალი, ის 29 ნოემბერს 33 წლის გახდებოდა... დათო პირველი ადამიანი იყო, ვისი გარდაცვალებაც მთელი გულით შევიგრძენი და მას მერე შემძულდა ქართული ქელეხი... არც შენს გასვენებაში მოვსულვარ...
მინდოდა ისეთი ყოფილიყავი ჩემს მახსოვრობაში, როგორიც 2 წლის წინ გნახე 2012 წლის ნოემბერში... როგორი ბედნიერი იყავი, რა მაგარია პარკეტზე ვდგავარ, მომენატრა პარკეტზე დგომაო და ფეხშველა დადიოდი. დედიკოს ეუბენოდი შენი გაკეთებული საჭმელები მენატრებოდაო და ცდილობდი ყველაფერი ერთად გაგესინჯა, თან სალომეს ეუბნებოდი ხომ ვიყავი მართალი ბიცოლას საჭმელებზე, რომ გიყვებოდიო?
ტკივილს არ იმჩნევდი, არადა გტკიოდა...
ბოლოს წასვლისას, რომ მელაპარაკე მითხრი „ შენი პატარა რომ დაიბადება აუცილებლად ჩამოვალო“... ვეღარ ჩამოხვედი...
სესილია, რომ სკაიპში დაგანახე ძალიან გაგიხარდა, იმედი გქონდა, რომ აგვისტოში ჩამოხვიდოდი და გულში ჩაიკრავდი... იმედი, იმედი ბოლო წამამდე გქონდა...
ნატრობდი ფეხშიშველა გაგევლო შენს ეზოში ცვრიან მინდორზე, ბევრ რამეს ნატრობდი... ვწერ და ვტირი, ხო ვტირი, მაგიჟებს ის ყველა სიტყვა, ოცნება რომელიც აუხდენელი დაგრჩა...
იმ დილით მოცელილმა გავიღვიძე, სასტიკად მტკიოდა სხეული, ისე ცუდად ვიყავი მიკვირდა, წუხელ სესილოს კარგად ეძინა და მე რა დამემართათქო?
სამსახურში, დამირეკეს „ავთო აღარ გვყავსო“... 2013 წლის 8 ივლისი იყო...
ვიცოდი, ვიცოდი, რომ ძალიან მძიმედ იყავი, მაგრამ შენსავით და ბევრი შენი საყვარელი ადამიანივით მეც მჯეროდა, რომ მაგ სენს დაძლევდი და ჩვენთან იქნებოდი, შენს ცოლთან და პატარა შვილთან ერთად...
მამიკოს ეუბნებოდი : „სიცოცხლე მინდა, ყველაფერს გავყიდი, ოღონდა სიცოცხლე შევინარჩუნო და მერე ამაზე მეტს შევიძენო, ოღონდ სიცოცხლე მინდა, რა მწარე ყოფილა სიცოცხლის სურვილიო“...
ამ სიტყვების მერე მამიკოს უჭირდა შენთან ლაპარაკი, უჭირდა შენი ყურება თუ როგორ თვალსადახელშუა დნებოდი, თუ გელაპარაკებოდა ეკრანს არ უყურებდა, თავი მტკივაო ამბობდა და თავდახრილი იყო სულ... თავი არა, მაგრამ გული ძალიან ტკიოდა... შენ ხომ მისი პირველი ძმისშვილი იყავი, პირველი ადამაინი, რომელმაც მას ბიძა დაუძახა, სიყვარული ასწავლა მისი დედმამიშვილების შვილების მიმართ...
ძნელია, ძალიან ძნელია, მაგრამ უფალი გვაძლებინებს... შენ ხომ ტარიელი (ტატო) დაგვიტოვე, მისი არსებობა  და მისი  სიყვარული გვიმსუბუქებს შედარებით შენს არ ყოფნას.

გილოცავ ჩემო ბიძაშვილო, დაე, მანდ იყო ბედნიერი...

ჩვენ ხომ ყველანი ისევ შევხდებით ერთმანეთს, იმიერში...


2 comments:

  1. ხატი , ღმერთმა ნათელი დაინკვიდროს მის სულს ცათა სასუფეველში და მის სახელზე სასახელო ბიჭი გაიზარდოს პატარა ტატო

    ReplyDelete