Friday, December 5, 2014

ხმა გავარდა, მოკვდაო.

ხმა გავარდა, მოკვდაო.
ის ბევრსაც უყვარდა და ბევრსაც სძულდა, მაგრამ მისი სიკვდილი არავის გახარებია, ყველას ჩასწყვიტა გული.
ვისაც უყვარდა იმათ, იმიტომ რომ უყვარდათ და საყვარელი ადამიანი იყო და ვისაც სძულდათ, იმიტომ რომ მოაკლდათ ერთი სალანძღავი ადამიანი, ვიზეც ყველა ჯავრს იყრიდნენ, ჭორებს უვრცელებდნენ, გულს იფხანდნენ და ა.შ.
მოკვდა... თუმცა უფრო მართებული და სწორი იქნება თუ ვიტყვით გარდაიცვალა... ჩვენ ხომ არ ვიცით ისე მოკვდა თუ გარდაიცვალა? ალბათ, იმათ ვისაც სძულდათ იტყვიან - მოკვდაო, ხოლო იმათ ვისაც უყვარდათ - გარდაიცვალაო...
„მოკვდა“- სულის წარწყმედას, ჯოჯოხეთში ყოფნას ნიშნავს.
„გარდაცვალება“ - იმერ ქვეყანაში გადანაცვლებას, უფალთან მყოფობას.
როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, ცოტა შეცბა, არ ელოდა, ან როგორ დაელოდებოდა როცა სულ ახალგაზრდა იყო? ეგონა აწინ იწყებდა ყველაფერს, არადა თურმე ცხოვრების დასასრული იწყებოდა. ეტკინა.... თვალწინ გაირბინა ყველაფერმა და ყველამ ერთად, კინომეტრაჟივით... ეტკინა... ბოლოს „ის“ გაახსენდა, გაუღიმა და საბოლოოდ ეტკინა...
დილით უკვე აღარ იყო...
ყველას უკვირდა მისი მომღიმარი სახის დანახვა, იძახდნენ ბედნიერია, იღიმის, უფალთან მოხვდებაო...
უფალი მას მართლაც ელოდა, ელოდა როგორც სხვა ყველა მის სულიერ შვილს გზააცდენილს, გზაზე მდგომს, უბედურს, ბედნიერს, ავაზაკს, სასულიერო პირს, ობოლს, ეულს, ყველასგან გარიყულს, ყველასთვის სანატრელს, ყველასთვის სასურველს, მკვლელს, ქურდს, მოკლედ ყველას, ყველას იმ იმედით, რომ ყველას მაინც ექნებოდა მისი ცხოვრების მანძილზე ერთი ისეთი სიკეთე გაკეთებული, რომელიც ბოროტების სასწორს გადაწონიდა და საყვარელ შვილს თავისათან, სამოთხეში, გულში ჩაიკრავდა...

03.12.2014წ

No comments:

Post a Comment